მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ვერგელანდის ევროპულ ცენტრთან ერთად (ნორვეგია), ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში 17-18 ოქტომბერს საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენცია „დემოკრატია სკოლაში“ მიეძღვნა საერთაშორისო გამოცდილების ურთიერთგაზიარებასა და სამომავლო ერთობლივი პროექტების ინიცირებას. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ განათლების ექსპერტები, პრაქტიკოსი პედაგოგები, სკოლების წარმომადგენლები, განათლების სპეციალისტები საქართველოდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან და ნორვეგიიდან. მათ შორის იყვნენ ჩვენი სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. კონფერენციაზე მოეწყო მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელი სკოლების წარმატებული პრაქტიკის გამოფენა, თუ როგორ ნერგავენ სკოლები ევროპის საბჭოს „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს“ და როგორ ავითარებენ დემოკრატიულ კულტურას. კონფერენციაზე შეჯამდა პროექტის ფარგლებში მიღწეული შუალედური შედეგები და დაისახა ახალი ინიციატივები შემდგომი თანამშრომლობისათვის.