სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა LEPL Tbilisi N42 Public School of Physics–Mathematics Named After Academician Ilia Vekua

ისტორია


აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა 1950 წელს დაარსდა. სკოლა მდებარეობს თბილისის ძველ უბანში, სოლოლაკში, ჩაიკოვსკის ქუჩაზე.
1962 წელს სკოლაში ნიადაგი მომზადდა ფიზიკა-მათემატიკის პროფილის კლასების გასახსნელად. ეს იდეა მათემატიკოსებს დავით კვესელავას, ფილიმონ ხარშილაძეს და ნინო ვადაჭკორიას ეკუთვნოდათ. იმ პერიოდში სწორედ ეს შესანიშნავი პედაგოგები ასწავლიდნენ N 42 სკოლაში. სკოლის დირექტორი კი გახლდათ ფიზიკოსი აპოლონ კალატოზიშვილი.
განათლების სამინისტროს მხარდაჭერით 1963-1964 სასწავლო წელს N42 სკოლაში პირველი ფიზიკა-მათემატიკის პროფილის კლასი გაიხსნა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველი გამოშვების ყველა მოსწავლემ სკოლა წარჩინებით დაამთავრა. უკვე სახელგანთქმული ქართული მათემატიკური სკოლა უსათუოდ ითხოვდა ისეთი ბაზის შექმნას, სადაც მომავალი მეცნიერები გაიზრდებოდნენ. ამ მხრივ ყველაზე დიდი ინიციატივა მათემატიკის გამოთვლითმა ცენტრმა გამოიჩინა. პირველად იქ გაჩნდა აზრი, რომ დაარსებულიყო სკოლა,რომელშიც მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული მოზარდები ისწავლიდნენ. აქ ყველა პირობა უნდა შექმნილიყო იმისათვის, რომ მოსწავლეებს გაეღრმავებინათ მათემატიკისა და ფიზიკის ცოდნა, დაუფლებოდნენ უმაღლესი მათემატიკის ელემენტებს. ამ მოთხოვნათა შესაბამისად, მათემატიკისა და ფიზიკის საფუძვლიანად სწავლებისთვის,უნდა მოეწვიათ მაღალაკვალიფიციური სპეციალისტები და მეცნიერები. ამ გარემოებას შესანიშნავად აუღო ალღო ბატონმა აპოლონ კალატოზიშვილმა.
1966 წელს სკოლას მიენიჭა დიდი მეცნიერის, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელი, ხოლო N42 სკოლის ბაზაზე შექმნილ ფიზიკა-მათემატიკის პროფილის კლასებს 1982 წელს- სპეციალიზებული სკოლის სტატუსი.
ჩვენი სკოლა, ტრადიციულად, ორიენტირებულია მაპროფილებელი საგნების გაძლიერებულ სწავლებაზე. სკოლაში მოსწავლეთა მიღება მე-7 კლასიდან იწყება, მათ კი ირჩევენ შემაჯამებელი სარეკომენდაციო ტესტირების შედეგების მიხედვით. სკოლა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პედაგოგებით, რომელთა საქმიანობა მიმართულია მოსწავლეებისათვის არა მარტო ცოდნის გაღრმავებაზე, არამედ მათთვის კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე. ყოველივე ეს ხელს უწყობს მოსწავლეების ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და განათლებული ახალგაზრდა ლიდერების მომზადებას,რაც აისახება მათ მიღწევებზე როგორც ეროვნულ გამოცდებზე, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებზე.

636